რაულ ჩილაჩავას სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნება

რაულ ჩილაჩავას სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნება

ჟურნალისტი, მთარგმნელი, პოეტი, მეცნიერი, დიპლომატი რაულ ჩილაჩავა საქართველოშია.

28 სექტემბერს, ზუგდიდის ცენტრალური პარკის შესასვლელთან რაულ ჩილაჩავას სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნება.

რაულ ჩილაჩავა მრავალმხრივ მნიშვნელოვანი პერსონაა თანამედროვე უკრაინისთვის და საქართველოსთვის. უკვე 55 წელია უკრაინაში ცხოვრობს და შემოქმედებით და  საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწევა.

1970 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილების დამთავრების შემდეგ მიავლინეს კიევში უკრაინული ენისა და ლიტერატურის შესასწავლად. ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობს კიევში.

რაულ ჩილაჩავა წლების მანძილზე მუშაობდა უკრაინულ პრესაში ჟურნალისტად, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტში ლექტორად.

1992 -2005 წწ. გახლდათ უკრაინის ეროვნებებისა და მიგრაციის საქმეთა მინისტრის მოადგილე. პარალელურად ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი, კიევის კულტურისა და ხელოვნების ხელმძღვანელ კადრთა სახელმწიფო აკადემიის  უკრაინული და მსოფლიო ლიტერატურის კათედრის გამგეა.

2005-2010 წწ. დაინიშნა უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ლატვიაში.

ხელმძღვანელობს დავით გურამიშვილის სახელობის საქართველო-უკრაინის კულტურულ ურთიერთობათა ასოციაციას.

გამოცემული აქვს 90-ზე მეტი საავტორო წიგნი. მათ შორის:  „მზის ჩასვლის მერე“, „მზეკაბანი“, „თბილისის დროით“, უვადო მივლინება“, „ოცდამეხუთე კადრი“, „პესიმისტის ჩანაწერები ანუ ბავშვობაში დაბრუნება“, „ღია წერილები ევას“. არის არაერთი უკრაინელი და ქართველი ავტორის მთარგმნელი ქართულ და უკრაინულ ენებზე.

რაულ ჩილაჩავა არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, უკრაინის მწერალთა კავშირის წევრი, უკრაინის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის წევრი, მწერალთა და პუბლიცისტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორი. ასევე გახლავთ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის, მაქსიმ რილსკის პრემიის, ვლადიმერ ვინიჩენკოს პრემიის და ალექსანდრე ჩაკის პრემიის ლაურეატი, ფრანც კაფკას სახელობის საერთაშორისო ოქროს მედლის მფლობელი.

დაჯილდოებულია საქართველოს ღირსების ორდენითა და სხვადასხვა სახელმწიფო და საერთაშორისო ჯილდოებით.