ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარედ შუშანა ფუტკარაძის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა

2022 წლის 4 ნოემბერს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარედ ქართველი ენათმეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, ბათუმის, შუახევისა და ხულოს საპატიო მოქალაქის, წმ. ტბელ აბუსერისძის პრემიის ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, შუშანა ფუტკარაძის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა.

შუშანა ფუტკარაძემ პირველმა მოახერხა ნიკო მარისა და ექვთიმე თაყაიშვილის შემდეგ, ისტორიული ტაო-კლარჯეთის ქართული სოფლების მონახულება. ქალბატონი შუშანა ეფერებოდა ობლად დარჩენილ ქართულ მიწას, ქართულ სიტყვას და იქაური ძირძველი ქართველებისგან იწერდა ფოლკლორული, დიალექტიკური, ეთნოგრაფიული და ისტორიული ღირებულების მქონე ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს.

შუშანა ფუტკარაძე გახლავთ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პირველი მეცნიერების დოქტორი ქალი, მაღალმთიანი აჭარიდან, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ჰუმანიტარული-სოციალური მიმართულების ფოლკლორისა და დიალექტოლოგიის განყოფილების უფროსი, ემერიტუს-პროფესორი.

შუშანა ფუტკარაძის ავტორობით შეიქმნა „ჩვენებურების ქართული“ და „სტამბოლის ქართული სავანე“.

ქალბატონი შუშანა ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოებულია გევონდ ალიშანის საპატიო მედლით და მრავალი საპატიო სიგელით.

ვულოცავს ქალბატონ შუშანა ფუტკარაძეს 80 წლის იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ და ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობას.

Scroll to Top