ოზურგეთის თეატრის სახელობითი ვარსკვლავის გახსნა

ოზურგეთის თეატრის 150 წლის იუბილე და სახელობითი ვარსკვლავის გახსნა

     2018 წლის 5 ივლისს, ოზურგეთში, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის თაღებში და მიმდებარე მოედანზე თეატრის დაარსებიდან 150 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

     ოზურგეთში სათეატრო ხელოვნება 1868 წლიდან იღებს სათავეს და მას შემდეგ ამ პროცესს არსებობა არ შეუწყვეტია. ოზურგეთში თეატრის დაარსების სათავეებთან იდგა ქართული პროფესიული რეჟისურის ფუძემდებელი ალექსანდრე წუწუნავა, რომლის სახელსაც დღეს სამართლიანად ატარებს ოზურგეთის თეატრი.

ოზურგეთის თეატრი ერთადერთი პროფესიული თეატრია გურიის მხარეში და მნიშვნელოვანი კულტურული კერა დასავლეთ      საქართველოში არა მხოლოდ თავისი ისტორიით, არამედ თანამედროვეობით. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი, მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი ვასილ ჩიგოგიძე.

     საიუბილეო თარიღი ოზურგეთის თეატრმა პომპეზურად აღნიშნა: გამოიცა წიგნი-ალბომი „ოზურგეთის თეატრი – 150“, კინოსა და თეატრის ვარსკვლავს ამირან ქადეიშვილს გადაეცა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“, თეატრის იუბილეს მიეძღვნა ნოდარ დუმბაძის სახელობის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც 5 ივლისს ჩოხატაურში, ოზურგეთის თეატრის სპექტაკლით „მონატრება“ გაიხსნა, შედგა ოზურგეთის თეატრის ჰიმნის პრეზენტაცია და ბოლოს, ოზურგეთის თეატრის თაღებში გაიხსნა ოზურგეთის თეატრის სახელობითი ვარსკვლავი.

     ვულოცავთ ოზურგეთის თეატრს ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას!