მომავალი წლიდან ფესტივალის „ჭაჭა“ მასშტაბი გაიზრდება

„საქპატენტმა“ და საქართველოს კულტურის პალატამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სფეროს განვითარების, ბიზნეს სექტორის ჩართულობის გაზრდის და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქპატენტი და საქართველოს კულტურის პალატა ერთობლივი პროექტების განხორციელებას იწყებენ.
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა დღეს მოაწერეს ხელი ითვალისწინებს ბიზნეს სექტორისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებში ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლებისაკენ და პოპულარიზაციისაკენ მიმართული ერთობლივი ღონისძიებების, გამოფენების, ფესტივალების, ტრენინგების, სამეცნიერო კონფერენციების დაგეგმვასა და განხორციელებას.
საქართველოს კულტურის პალატა 2018 წლიდან ორგანიზებას უწევს გეოგრაფიულ აღნიშვნად დაცული პროდუქტის „ჭაჭის“ ფესტივალს, რომელიც ყოველწლიურად თელავში იმართება. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ფესტივალის მასშტაბის გაზრდა, საქართველოს სხვა რეგიონების ჩართვა, ასევე, მსგავსი აქტივობების ორგანიზება სხვა გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე.
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სახელმწიფო რეესტრში დღესდღეობით ჭაჭის გარდა კიდევ 51 პროდუქტია რეგისტრირებული. სხვადასხვა ღვინოსა და ყველთან ერთად გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი აქვს მინიჭებული ჩურჩხელას, მაწონს, ქუთაისის მწვანილს, მაჭახელას თაფლს, ახალქალაქის კარტოფილს და ტყიბულის მთის ჩაის.
გეოგრაფიული აღნიშვნა არის სახელი, ან სიმბოლო, რომელიც მიუთითებს გეოგრაფიულ ადგილზე და გამოიყენება იმ საქონლის მოსანიშნად, რომლის განსაზღვრული თვისებები ან რეპუტაცია ამ გეოგრაფიულ ადგილთან არის დაკავშირებული, რაც განპირობებულია იქ არსებული ბუნებრივი პირობებით და ადამიანის ფაქტორით.
გეოგრაფიული აღნიშვნით ნიშანდებული პროდუქციის ღირებულება საშუალოდ 2.5 ჯერ აღემატება ანალოგიური სხვა პროდუქტების ფასს, ბაზარზე სარგებლობს განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნილებით და, რაც მთავარია, გეოგრაფიული აღნიშვნით ნიშანდებული პროდუქცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნების რეგიონალურ განვითარებაში, ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ადგილობრივი მოსახლეობის ადგილებზე დამაგრებას, რეგიონის ცნობადობის გაზრდას და აგრარული ტურიზმის განვითარებას.
https://www.interpressnews.ge/ka/article/616561-momavali-clidan-chachis-pestivalis-masshtabi-gaizrdeba

Scroll to Top