ნანი ბრეგვაძე – 85 წელი

ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი.

როიალთან ნიკოლოზ რაჭველი

ნანი ბრეგვაძე – 85 წელი

ნანი ბრეგვაძე – ქართული ესტრადის მშვენება.

სცენაზე დგას 1942 წლიდან. პირველად 6 წლის ასაკში გიტარის თანხლებით შეასრულა რომანსები.

1956 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ საესტრადო ორკესტრში. მსოფლიოს ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალზე გახდა ლაურეატი და აიღო პირველი ადგილი.

1959 წლიდან თბილისის სახელმწიფო საესტრადო ანსამბლ „რეროს“ – სოლისტია.

ნანი ბრეგვაძე პირველი ქართველი შემსრულებელია, რომელმაც აღადგინა რუსული და ბოშური რომანსების საშემსრულებლო კულტურა, აღადგინა თამარ წერეთლის, ქეთო ჯაფარიძის და იზაბელა იურევას სასიმღერო ტრადიციები.

ნანი ბრეგვაძე პირველი ქართველი ქალბატონია, რომელიც 1964 წელს პარიზში, საკონცერტო დარბაზში „ოლიმპია“ წარსდგა მაყურებლის წინაშე მოსკოვის მუზიკ- ჰოლთან ერთად.

1964 წლიდან ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ „ორერას“ სოლისტია. მასთან ერთად წარმატებული გასტროლებით იმოგზაურა მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში.

1980 წლიდან იწყებს სოლო კარიერას. არის მრავალი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი.

ნანი ბრეგვაძეს განსაკუთრებული მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებს ლეგენდარულ ქართველ კომპოზიტორებთან: რევაზ ლაღიძე, სულხან ცინცაძე, გოგი ცაბაძე, გია ყანჩელი, ბიძინა კვერნაძე, ვაჟა აზარაშვილი.

1995 წელს მიენიჭა „თბილისის საპატიო მოქალაქის“ წოდება.

2000 წელს გაიხსნა ნანი ბრეგვაძის სახელობითი „ვარსკვლავი“ თბილისსა და მოსკოვში.

ნანი ბრეგვაძეს მუდმივად თან სდევს მშობლიური ქვეყნის და ხალხის სიყვარული.

 

ნიკოლოზ რაჭველი

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, კომპოზიტორი, პიანისტი, არანჟირების ავტორი, რუსთაველის და მრავალი საერთაშორისო პრემიის ლაურეატი, გაეროს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩი.

სხვადასხვა წლებში კონცერტები განხორციელებული აქვს ბერლინის რადიო-სიმფონიურ ორკესტრთან, ლონდონის კამერულ ორკესტრთან, კრემერატა ბალტიკასთან, პეტერბურგის ფილარმონიულ და მოსკოვის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრებთან, ტალინის ფილარმონიულ ორკესტრთან, კიევის ფილარმონიულ ორკესტრთან, თელ-ავივის ოპერის თეატრის სიმფონიურ ორკესტრთან, ინგოლშტატის ქართულ კამერულ ორკესტრთან, სულხან ცინცაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტთან, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან და სხვ.

სასცენო პარტნიორობა გაწეული აქვს სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის საერთაშორისო ვარსკვლავებთან, მათ შორისაა სტინგი, ბიორკი, ქრის ბოტი, ლიზა ფიშერი, კატია რიჩარელი, პაატა ბურჭულაძე, ალექსანდრე თორაძე, ლიანა ისაკაძე, გიდონ კრემერი, იური ბაშმეტი, დავიდ გერინგასი, კიმ კაშკაშიანი, ელისაბედ ლეონსკაია, ალექსანდრე კორსანტია, სერგეი ნაკარიაკოვი, ხატია ბუნიათიშვილი, გიორგი ცაგარელი; განსაკუთრებულად თანამშრომლობს მსოფლიო კლასიკური სცენის ვარსკვლავებთან ანიტა რაჭველიშვილთან.

ნიკოლოზ რაჭველის გაორკესტრებებსა და ორიგინალურ ვერსიებს მაღალ შეფასებას აძლევდნენ დიდი კინო-კომპოზიტორები მიშელ ლეგრანი და ენიო მორიკონე. მისი დირიჟორობით გაიმართა ბერლინის კონცერტჰაუზში არვო პიარტის და გია ყანჩელის 80 წლის საიუბილეო საღამოები.

Scroll to Top