გიყვარდეთ თეატრი ისე, როგორც მე მიყვარს ის, თეატრში ჩემი სიჭაბუკეა, ჩემი ცხოვრება, ჩემი წარსული და აწმყო… იქნებ მომავალიც?! – ანზორ გვაძაბია
დღეს, 26 ივლისს გორის ერისთავის თეატრის წინ საქართველოს დამსახურებული არტისტის, რეჟისორის, მსახიობის, ქორეოგრაფის, მოცეკვავის, მომღერალის, პედაგოგის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატის, ღირსების ორდენოსანის, ლილი იოსელიანის სახელობის ჯილდოს მფლობელის, გორის საპატიო მოქალაქის ანზორ გვაძაბიას სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა.
ანზორ გვაძაბია სცენას 13 წლის ასაკში ეზიარა. 61 წელია თავის საყვარელ საქმეს ემსახურება. განსახიერებული აქვს 100-მდე როლი, დადგმული აქვს 60-მდე სპექტაკლი. თუმცა, აქვს საოცნებო როლები, რომლებსაც დიდი სიამოვნებით შეასრულებდა.
1967 წლის 19 იანვარი გადამწყვეტი გახდა მის ცხოვრებაში. რეჟისორმა ლილი იოსელიანმა გორში ახალგაზრდა ულიანოვის როლის შესასრულებლად მიიწვია. ანზორ გვაძაბია გორში დარჩა.
გორში დააარსა საქველმოქმედო ახალგაზრდული თეატრალური სტუდია და სხვადასხვა სოფლებში გამართული სპექტაკლებიდან შემოსული თანხებით უდედმამო ბავშვებს ეხმარებოდა. შემდეგ იყო დევნილ ბავშვებზე ზრუნვა. მუშაობდა გორის შეზღუდული უნარების ბავშვებთან.
თბილისში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა მისი, როგორც შემოქმედის, დაბადება ქალაქ გორთან არის დაკავშირებული. ყველაზე მეტად ეამაყება, რომ ის იმ ქალაქის საპატიო მოქალაქეა, რომელშიც შემთხვევით მოხვდა და რომელშიც 52 წელია ცხოვრობს.
ანზორ გვაძაბია მოღვაწეობდა საქართველოს არაერთ თეატრში. მათ შორის:
ერისთავის თეატრის რეჟისორი – 1978 – 1980 წლები; ზუდგიდის თეატრის დამდგმელი რეჟისორი – 1980-1987 წლები; ერისთავის თეატრის დამდგმელი რეჟისორი 1987 წლიდან; ერისთავის თეატრის მსახიობი 2014 წლიდან დღემდე.
ერისთავის თეატრში განსახიერებული აქვს: ულიანოვი „ ოჯახი“ ა. პაპოვი, პეტრე „მდაბიონი“ მ. გორკი, ოსიკო „ დარისპანის გასაწირი“ დ. კლდიაშვილი, ვიქტორი „ირინეს ბედნიერება“ დ. კლდიაშვილი, პიერ ფროშარი „დები უერარ“ ა. დენერი, ნაპოლეონი „ დიახ, ქვეყანა გადაბრუნდა“, ოსიპი „ რევიზორი“ ნ. გოგოლი, ინტელიგენტი „ დანტონი“ გ. ბიუჰნერი, ს. პშიბიშევსკა, ფირსი „ ალუბლის ბაღი“ ა. ჩეხოვი.
გრიბოედოვის თეატრში – საშკა „ მედაფდაფე ქალი“ ა. სალინსკი, კეტრინის მოტრფიალე „ ხედი ხიდიდან“ ა. მილერი, წამყვანი „ 104 გვერდი სიყვარულზე“ მ. კუჭუხიძე, გურამ შელია „ ეზოში ავი ძაღლია“ კ. ბუაჩიძე, დათვი „ ჩვეულებრივი სასწაული“ ე. შვარცი, ალიოშა „ ოკეანე“ შტეინი, თავადი „ პირველი ნაბიჭვრები“ გ. წერეთელი.
ფოთის თეატრში – თამაზი – „გზა მშვიდობისა“ ვ. რუზოვი, ანზორი „ერთ სკოლაში“ ქ. ცინცაძე-ხაფავა, ჯონი „რაც არ გერგება, არ შეგერგება“ ნ. არეშიძე, მოხუცი სენატორი, ვ. ლენინი „დღესასწაული ჩვენს ქუჩაზე“ გ. ქალბაქიანი, რანეტი „ გზააბნეული შვილი“ იოჰანეს რაიესმიკი, ზურიკელა „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ ნ. დუმბაძე, დურსუნი „შური“ ს. კალანდარიშვილი.