ფესტივალი „ჭაჭა“ – 19 ოქტომბერი, 2024 წელი, თელავი შედეგები

ფესტივალი  „ჭაჭა“ – 19 ოქტომბერი, 2024 წელი, თელავი

შედეგები

ა(ა)იპ – ტურიზმის განვითარების ასოციაციის და საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით 2024 წლის 19 ოქტომბერს  ქალაქ თელავში, ერეკლე მეფის მოედანზე გაიმართა ყოველწლიური   ფესტივალი “ჭაჭა“.  ღონისძიება ჩატარდა  ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტის“  , კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის  და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.

ფესტივალის მიზანი იყო: ქართული ნატურალური პროდუქტის „ჭაჭა“ – როგორც დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის პოპულარიზაცია;

ფესტივალის ჩატარებით გაცოცხლდა კახეთში, შუა საუკუნეებში არსებული ეთნოგრაფია, ყოფა-ცხოვრება და ჩვეულებები.  ფესტივალი „ჭაჭა“ მოიცავდა მცირე თეატრალიზებული წარმოდგენებს, რომლებმაც გააცოცხლა კახეთის რეგიონის ეთნოგრაფია, ტრადიცია და რიტუალები. კონკრეტულად კი კახელი გლეხების ურთიერთდამოკიდებულება, კახეთის სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოსული გლეხების მიერ ჭაჭის გამოხდის  პროცესი;

ფესტივალში მონაწილეობდა და საკონკურსოდ ჭაჭის ნიმუშები წარმოადგინა კახეთის 8 მუნიციპალიტეტის გლეხებმა და ქართული ჭაჭის მწარმოებელმა სულ 45 (ორმოცდახუთი)  კომპანიამ და მცირე მარანმა;

გაიმართა დიდი კახური „ზაოდობა“, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლო თითოეულ ტურისტს სურვილისამებრ.

ჭაჭის გამოხდასთან ერთად გაიმართა კახური სამზარეულოს კერძების დამზადება;

ფესტივალი მუსიკალურ – თეატრალიზებული მსვლელობით გაიხსნა.

ფესტივალის მიმდინარეობისას მთელი დღის მანძილზე 12-00 საათიდან 18-00 საათამდე ღონისძიებას უძღვებოდა საქართველოში ცნობილი პიროვნება, თელავის თეატრის წამყვანი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი  ვანო იანტბელიძე, რომელმაც ცალკ-ცალკე წარმოაჩინა თითოეულ კომპანია და მუნიციპალიტეტი, მათ მიერ წარმოდგენილი ჭაჭის ნიმუშებით. ფესტივალის მხატვრულ მხარეს ორკესტრით, ოჩოფეხებზე მდგომი არტისტებით, საბავშვო მხატვრობით და ზღაპრის მხიარული გმირებით აფორმებდა „საბავშვო ღონისძიებათა ჯგუფი“.

მთელი დღის მანძილზე ფესტივალის მიმდინარეობას ამშვენებდნენ კახური ფოლკლორული ჯგუფები ტრადიციული კახური მრავალხმიანი სიმღერებით და კაფიებით.

სტუმრები ფესტივალის დაწყებისთანავე ჩაერთვნენ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ აქტივობებში, ღონისძიების წამყვანთან ერთად – კერძოდ,

  • მონაწილეობა მიიღეს ჭაჭის გამოხდის პროცესში;
  • დააგემოვნეს გლეხების და კომპანიების მიერ წარმოდგენილი ჭაჭა;
  • ჭაჭის დეგუსტაციასთან ერთად, კახური მასპინძლობის გათვალისწინებით დააგემოვნეს ის კახურ კერძები, რომლებიც უხდება ჭაჭას;
  • გაეცნენ კახური კოლორიტული ბაზრის თავისებურებებს, იქ წარმოდგენილ სურსათ-სანოვაგეს;

ფესტივალის მიმდინარეობისას იმუშავა ჟიურიმ, რომლის წევრები იყვნენ:

ჟიურის თავჯდომარე : ზაზა გრიგალაშვილი – ქართული ღვინის ექსპერტი, სასურსათო ტექნოლოგიების დოქტორი;

ჟიურის წევრები:

გიორგი სოლომნიშვილი – მეღვინე , კომპანია ” სოლომნიშვილი ვაინერი” დამფუძნებელი,

გიგა კუჭავა – ღვინის ტექნოლოგი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სააქციო საზოგადოება „სარაჯიშვილი“-ს ღვინის ტექნოლოგი,

გიორგი დათუკიშვილი – აგრარულ, მეცნიერებათა დოქტორი, კორპორაცია “ქართული ღვინო” მთავარი მეღვინე, ტექნოლოგი, ღვინის ეროვნული სააგენტოს მუდმივ მოქმედი სადეგუსტაციო კომისიის წევრი 2017 წლიდან

ფესტივალის მსვლელობისას ჟიურის წევრებმა ჩაატარეს მასტერ-კლასები და მოწვეულ სტუმრებს გააცნეს   ქართული ნატურალური პროდუქტი – ყურძნის ბრენდი „ჭაჭა“, მისი ისტორია და  სასარგებლო თვისებები.

საკონკურსო ჟიურის მიერ წელს პირველად ჩატარდა ერთობლივი მასტერ-კლასი შემდეგ თემებზე:

გიორგი სოლომნიშვილი – რა უნდა გავითვალისწინოთ მაღალი ხარისხის ჭაჭის გამოხდისას ძირითადი პრინციპები

გიორგი დათუკიშვილი – ჭაჭის გამო სახდელად საჭირო ყურძნის მიმართ წაყენებული მოთხოვნები

გიგა კუჭავა – რა უნდა გავითვალისწინოთ ჭაჭის ნაზავის შექმნისას

ზაზა გრიგალაშვილი ჭაჭის მარკეტინგი, დეგუსტაცია და შეხამება

ჟიურის წევრებმა დააგემოვნეს და ცალკ-ცალკე შეაფასეს კახეთის სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული გლეხების გამოხდილი ჭაჭა და  ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების მიერ გამოხდილი ჭაჭა;

გასულ წლებთან შედარებით წელს განსხვავებულულად მაღალი იყო წარმოდგენილი ჭაჭის ნიმუშების ხარისხი; სულ წამოდგენილი იყო ჭაჭის 97 სახეობა; მათ შორის 38 სახეობა იყო მცირე მარნების, ფერმერების და გლეხების; ხოლო 59 სახეობა იყო კომპანიების.

ფესტივალის დასასრულს 16-00 საათზე ჟიურის გადაწყვეტილებით გაიმართა დაჯილდოება;

გლეხების და მცირე მარნების მიერ წარმოებული ჭაჭის ნიმუშებს შორის საპრიზო ადგილები ასე განაწილდა:

  1. „ოქროს ჭაჭა გლეხური – 2024“ – „ლაგვანი მარანი“, ახმეტა; რქაწითელი და მწვანე -ტრადიციული, სამჯერადი გამოდით (ოქროს მედალი და დიპლომი)
  2. „ვერცხლის ჭაჭა გლეხური – 2024“ – მჭედლიშვილი თამთა, სიღნაღის რაიონი, სოფელი ძველი ანაგა; რქაწითელი – (ვერცხლის მედალი და დიპლომი);
  3. „ბრინჯაოს ჭაჭა გლეხური – 2024“ – გიორგი ამისულაშვილი, გურჯაანის რაიონი, სოფელი კოლაგი – რქაწითელი და კახური მწვანე – მუხის კასრი 1 წელი.  (ბრინჯაოს მედალი და დიპლომი)

კომპანიების მიერ წარმოებული ჭაჭის ნიმუშებს შორის საპრიზო ადგილები ასე განაწილდა:

  1. „ოქროს ჭაჭა – 2024“ – კომპანია “სპირტაურა”, სიღნაღის რაიონი, სოფელი ტიბაანი, რქაწითელის ჭაჭა; (ოქროს მედალი და დიპლომი)
  2. „ვერცხლის ჭაჭა – 2024“ – მეღვინეობა “კოლოტი”, ახმეტის რაიონი, სოფელი ალავერდი – რქაწითელის ჭაჭა, მუხის ტკეჩზე დავარგებული 20 თვით (ვერცხლის მედალი და დიპლომი);
  3. „ბრინჯაოს ჭაჭა – 2024“ – “დათო ჩიხლაძის მარანი”, თბილისი – რქაწითელი, ქისი, ხიხვი, კახური მწვანე (სოფლები ხირსა, ვეჯინი, მარანი, მაღრანი) – მუხის კასრი 2 წელი. (ბრინჯაოს მედალი და დიპლომი)

ჟიურის გადაწყვეტილებით წელს პირველად დაწესდა საპატიო სიგელი გამორჩეული ჭაჭის წარმოებითვის; გლეხების და მცირე მარნების მიერ წარმოებული ჭაჭის ნიმუშებს შორის გამორჩეული ჭაჭის წარმოებისთვის საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ:

  1. „საუკეთესო ჯიშური ჭაჭა“ –  კომპანია „ჭაჭა ჰაუსი“ – მუსკატი- ამერიკული თეთრი მუხის კასრში 2 წლიანი დავარგებით ;
  2. „საუკეთესო ნაზავი ჭაჭა“ – მარტიაშვილის მარანი, ახმეტა – ხიხვი და რქაწითელი მუხის კასრში 1 წლით დავარგებული;
  3. „საუკეთესო რქაწითელის ჭაჭა“ – „ანა ბერიკა“  – ანა ბერიკაშვილი – რქაწითელის ჭაჭა კლასიკური.

კომპანიების მიერ წარმოებული ჭაჭის ნიმუშებს შორის გამორჩეული ჭაჭის წარმოებისთვის საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ:

  1. „საუკეთესო კლასიკური რქაწითელის ჭაჭა“ – I ხარისხის – ღვინის კომპანია „შუმი“ – რქაწითელი, წინანდლის მიკროზონა;
  2. „საუკეთესო კლასიკური რქაწითელის ჭაჭა“ – II ხარისხის – მეღვინეობა „კოლოტი“ – რქაწითელი, ახმეტის რაიონი, სოფელი ალავერდი;
  3. „საუკეთესო ნაზავი – წითელი და თეთრი ჯიშის ყურძნების“ – ქართული ღვინის კომპანია „ახმეტელი“ – რქაწითელი / საფერავი – ახმეტა/სიღნაღი.

მიმდინარე წელს ჟიურის გადაწყვეტილებით შეფასდა რამოდენიმე კომპანიის მიერ წარმოდგენილი ხილის არაყი და გამოვლინდა 2 საუკეთესო კომპანია:

  1. საუკეთესო ხილის არაყი (ვაშლის არაყი) – კომპანია „სევსამორა“.

 

  1. საუკეთესო ხილის არაყი (გარგარის არაყი) – კომპანია „ვინილია“.

მიმიდინარე წელსაც ტრადიციულად დაჯილდოვდა კრეატიულობით გამორჩეული მუნიციპალიტეტი. წელს კონკურენცია ძალიან მაღალი იყო და ეს წოდება თანაბრად გაინაწილეს თეალვის, ყვარელის და ახმეტის მუნიციპალიტეტებმა. საორგანიზაციო ჯგუფის მიერ წელს საპრიზო ფონდი გაიზარდა 1500 ლარამდე და დიპლომებთან ერთად მათ გადაეცა 500-500 ლარის ვაუჩერი; ეს თანხა ფესტივალის და ა(ა)იპ – ტურიზმის განვითარების ასოციაციის სახელით გადაეცემა სოციალურად დაუცველი ოჯახებს,  რომლებსაც შეარჩევს თელავის, ყვარელის და ახმეტის მუნიციპალიტეტები.

ფესტივალის დასასრულს გაიმართა კონცერტი – „თეატრი № 1“ -ის   სპექტაკლისა „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, რაფიელ ერისთავის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით.

ფესტივალის ორგანიზატორები:

– საქართველოს კულტურის პალატა;

– ტურიზმის განვითარების ასოციაცია;

– კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.

– თელავის მუნიციპალიტეტის მერია.

ფესტივალის მხარდამჭერები:

– საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო;

– საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“;

– საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

– სასტუმრო Holiday Inn Telavi

ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები:

– საზოგადოებრივი მაუწყებელი;

– ტელეკომპანიები: „იმედი“, „რუსთავი 2“ და “POS TV”

 

Scroll to Top