გიორგი გაგნიძის სახელობითი ვარსკვლავის გახსნა

ქართველი საოპერო მომღერალი, ბარიტონი გიორგი გაგნიძე 25 წლიან  მსოფლიო სასცენო მოღვაწეობას თბილისში აღნიშნავს. ოპერისა და ბალეტის თეატრის ვარსკვლავთა ხეივანს გიორგი გაგნიძის სახელობითი ვარსკვლავი დაამშვენებს.

ქართველი მაყურებლის წინაშე გიორგი გაგნიძე 11 თებერვალს ოპერისა და ბალეტის თეატრში  ჯუზეპე ვერდის „ნაბუკოში“ წარდგება.

გიორგი გაგნიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია თამაზ ლაფერაშვილის ხელმძღვანელობით. პედაგოგის რეკომენდაციით, მისი დებიუტი შედგა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მურმანის პარტიით (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“).
1994-2003 წლებში გახლდათ ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი.

1995 წელს საქართველოს პირველ საერთაშორისო კონკურსში მე-3 პრემია აიღო.

ელენე ობრაზცოვას სახელობის საერთაშორისო კონკურსზე სანკტ–პეტერბურგში მეორე ადგილი აიღო.

2003-2005 წლებში წამყვან პარტიებს ასრულებდა გერმანიის  საოპერო თეატრებში.

საერთაშორისო აღიარება იტალიაში ქალაქ ბუსეტოში 2005 წელს გამართულმა „ვერდის ხმების“ ფესტივალმა მოუტანა. ჟიურის თავმჯდომარე მსოფლიოში აღიარებული ტენორი ხოსე კარერასი იყო. ბარიტონი ხოსე კარერასის ფავორიტი გახლდათ. ასე დაიწყო მომღერლის ტრიუმფალური სვლა მსოფლიო საოპერო სცენებზე.

გიორგი გაგნიძის პორტფოლიო მოიცავს არაერთ პარტიას მურმანი, კიაზო (ზ. ფალიაშვილი „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), თავადი ლევანი (ვ. დოლიძე „ქეთო და კოტე“), ს. ნასიძე ციკლი „ქართული ხალხური პოეზიიდან“; ჟერმონი, რენატო, დი პოზა, დი ლუნა, მილერი, მაკბეტი, ნაბუქო, იაგო, რიგოლეტო, ბოკანეგრა, ამონასრო (ვერდი „ტრავიატა“, „ბალ-მასკარადი“, „დონ კარლოსი“, „ტრუბადური“, „ლუიზა მილერი“, „მაკბეთი“, „ნაბუკო“, „ოტელო“, „რიგოლეტო“, „სიმონ ბოკანეგრა“, „აიდა“), ტონიო (ლეონკავალო „ჯამბაზები“), ენრიკო (დონიცეტი „ლუჩია დი ლამერმური“), დონ ჟუანი, ფიგარო (მოცარტი „დონ ჟუანი“, „ფიგაროს ქორწინება“), სკარპია (პუჩინი „ტოსკა“), შაკლოვიტი (მუსორგსკი „ხოვანშჩინა“), მაზეპა, ტომსკი, ელეცკი (ჩაიკოვსკი „მაზეპა“, „პიკის ქალი“).

ქართველი ბარიტონი წარმატებით გამოდის მილანის „ლა სკალას“, პარიზის ბასტილის თეატრის, მადრიდის „რეალის თეატრის“, ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერას“, ლოს ანჯელესის და სან ფრანცისკოს ოპერის თეატრების, ბერლინის „დოიჩე ოპერას“, ვენის „შთაატს ოპერას“, „არენა დი ვერონას“ და სხვა სცენებზე.

დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, გიორგი გაგნიძე საქართველოშიც ახერხებს  ჩამოსვლას და საოპერო სპექტაკლებსა თუ საქველმოქმედო კონცერტებში მონაწილეობას.

 

 

 

 

Scroll to Top