2023 წლის 20 იანვარს იაკობ ტრიპოლსკის სახელობის დუშეთის სახალხო თეატრი 143 წლის იუბილეს აღნიშნავს. დუშეთის სახალხო თეატრი ერთ-ერთი უძველესია საქართველოში მოქმედ სახალხო თეატრებს შორის.
საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით დუშეთის კულტურის სახლის შენობაში დუშეთის სახალხო თეატრის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნება.
დუშეთის სახალხო თეატრი დაარსდა 1880 წლის 20 იანვარს ამჟამინდელ თეატრის ქუჩაზე, სახლში, სადაც ილია ჭავჭავაძე ცხოვრობდა. ეს სახლი იმ დროისთვის ეკუთვნოდა იოსებ ვასილის ძე მოზდოკელს. აქ მოაწყეს სცენა და დადგეს გიორგი ერისთავის პიესა „გაყრა“. მთავარი როლი დიდ მსახიობს ნატო გაბუნიას უთამაშია. თეატრის პირველ რეჟისორად დუშეთის მკვიდრი თამარ კვალიაშვილი ითვლებოდა. სწორედ მან შესთავაზა ნატო გაბუნიას დუშეთის დასსთან ერთად ეთამაშა სპექტაკლში, სადაც თათელას როლი შეუსრულებია და მაყურებელი მოუხიბლავს საშემსრულებლო ოსტატობით.
დუშეთის თეატრის დაარსებას ბიძგი მისცა იმ დიდმა მოძრაობამ, რომელიც 70-იან წლებში გაიშალა ილია ჭავჭავაძის მეთაურობით და დაგვირგვინდა ქართული პროფესიული თეატრის დაარსებით.
სპექტაკლებში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ და ეხმარებოდნენ თეატრს ქართველი სცენის დიდოსტატები: ვასო აბაშიძე, დუშეთში დაბადებული მაკო საფაროვა-აბაშიძისა, ნატო გაბუნია, ელისაბელ ჩერქეზიშვილი, ვალერიან გაბუნია, დიმიტრი ჩარკვიანი, ალექსანდრე კავსაძე, აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა, ვასო გოძიაშვილი, იაკობ ტრიპოლსკი, ელენე ყიფშიძე და სხვები.
1959 წელს დუშეთის დრამატულ დასს ოფიციალურად მიენიჭა სახალხო თეატრის საპატიო წოდება, ხოლო 2018 წლის 20 აპრილს საქართველოს სახალხო არტისტის – იაკობ ტრიპოლსკის სახელი.