“მე ავირჩიე გზა ეკლიანი” – თინათინ მღვდლიაშვილის 70 წლის იუბილე
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიისა და ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის ლაურეატს, თანამედროვე ქართული “პოეზიის დედოფალის”, პოეტს და მხატვარს – თინათინ მღვდლიაშვილს ამა წლის 7 აპრილს 70 წელი შეუსრულდა.
მისი ლექსები და მოთხრობები, არცთუ იშვიათად იბეჭდებოდა საქართველოს ჟურნალ-გაზეთებში, მაგრამ ქართველი ერის სიყვარული და დიდი წარმატება საქვეყნოდ ცნობილმა ლექსმა, “დავით მეფეს”, მოუტანა. ეს ლექსი აიტაცა საქართველომ და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მებაირახტრედ აქცია; მის ლექსებზე შექმნილია საქვეყნოდ ცნობილი სიმღერები: “ხმალი ავლესოთ, ქართველებო!”, “აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება”, “მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო”, “ქართველები შეარიგე, მერაბ!”, “ბედის ვარსკვლავო”, “სამშობლო ერთადერთია”, “საგალობელი სამებას”, “ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა” და სხვა. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, ჩეჩნურ, რუსულ, გერმანულ ენებზე;
თინათინ მღვდლიაშვილს გამოცემული აქვს ოცდახუთამდე პოეტური კრებული. მის მიერ შექმნილი ლექსების ციკლი “ლურჯი იების ვატერლოო”, დაიბეჭდა საფრანგეთში, პარიზში. თინათინ მღვდლიაშვილის ლექსი “ვაინახები” ითარგმნა ლონდონის მთარგმნელობით ცენტრში და ამ ლექსით პოეტი შევიდა აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის თანამედროვე პოეზიის ანთოლოგიაში.
სწორედ ამ დიდი სიყვარულის და დაფასების გამოხატულებაა, რომ თინათინ მღვდლიაშვილის საიუბილეო საღამო “მე ავირჩიე გზა ეკლიანი” გაიმართა 14 აპრილს კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე. საღამო წარმოდგენილი იყო მხატვრული წარმოდგენის სახით, რომელიც მთლიანად წარმოადგენდა თინათინ მღვდლიაშვილის შემოქმედებას. საღამოს სცენარის ავტორი იყო ისტორიკოსი გიორგი კალანდია, რომელიც თავად წარუძღვა საღამოს და სცენარის მიხედვით მაყურებელს წარუდგინა 70 წლის მანძილზე თინათინ მღვდლიაშვილის შემოქმედების ნაცნობი და აქამდე უცნობი დეტალები. საღამოს მსვლელობაში მონაწილოება მიიღეს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის გუნდმა, მომღერლებმა: თემურ თათარაშვილი, ეკა კვალიაშვილი, სერგი როსტომაშვილი, მანანა თოდაძე და ელისო ღვინეფაძე. თინათინ მღვდლიაშვილის ლექსები წაიკითხაეს ქალბატონებმა ელდინო საღარაძემ და მაკა შალიკაშვილმა.
საღამოს ვიდეოჩანაწერი სრულად განახორციელა ტელეკომპანიამ “პულსი”
ქალბატონ თინათინ მღვდლიაშვილს საქართველოს მწერალთა კავშირის მიერ გადაეცა დავით აღმაშენებლის სახელობის მედალი.