ოზურგეთის თეატრი – 150 წლისაა!
2018 წლის 5 ივლისს, ოზურგეთში, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრში მისი დაარსებიდან 150 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
ოზურგეთში სათეატრო ხელოვნება 1868 წლიდან იღებს სათავეს და მას შემდეგ ამ პროცესს არსებობა არ შეუწყვეტია. ოზურგეთში თეატრის დაარსების სათავეებთან იდგა ქართული პროფესიული რეჟისურის ფუძემდებელი ალექსანდრე წუწუნავა, რომლის სახელსაც დღეს ატარებს ოზურგეთის თეატრი.
ოზურგეთის თეატრი ერთადერთი პროფესიული თეატრია გურიის მხარეში და მნიშვნელოვანი კულტურული კერა დასავლეთ საქართველოში, არა მხოლოდ თავისი ისტორიით, არამედ თანამედროვეობით. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი, მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი ვასილ ჩიგოგიძე.
საიუბილეო საღამოს დასასრულს ოზურგეთის თეატრის მიმდებარე მოედანზე გაიხსნა ოზურგეთის თეატრის სახელობითი ვარსკვლავი.