ფესტივალი „ ჭაჭა“ – 3 ნოემბერი, 2018 წელი. თელავი
საქართველოს კულტურის პალატისა და ტურიზმის განვითარების ინიციატივით პირველად საქართველოში 2018 წლის 3 ნოემბერს ქალაქ თელავში, ერეკლე მეფის მოედანზე დაფუძნდა ყოველწლიური ფესტივალი “ჭაჭა“. ფესტივალი პოპულარიზაციას უწევს ქართულ ნატურალურ პროდუქტს „ჭაჭა“, როგორც დაცულ გეოგრაფიულ აღნიშვნას. 2018 წლის შემდეგ ფესტივალი „ჭაჭა“ ტარდება ყოველწლიურად მხოლოდ თელავში ნოემბრის პირველ შაბათს, ერეკლე მეფის მოედანზე და დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის. ის ერთადერთი რეგიონული ფესტივალია საქართველოში და მასში მონაწილეობას ღებულობს კახეთის მხარის ყველა – 8 მუნიციპალიტეტი – თელავი, ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, საგარეჯო, სიღნაღი, ლაგოდეხი და ყვარელი.
ფესტივალი „ჭაჭა“ ტარდება საქართველოს მთავრობის, ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტის“, ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით.
ფესტივალი „ჭაჭა“ ასახავს კახეთის მხარის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, ქართველი ხალხის ყოფითი საკითხებს, ეთნოგრაფიას, ტრადიციას, ზნე-ჩვეულებებს და რიტუალებს. ფესტივალი „ჭაჭა“ მოიცავს მცირე თეატრალიზებული წარმოდგენებს, რომელიც აცოცხლებს კახეთის რეგიონის ეთნოგრაფიას, ტრადიციას და რიტუალებს. კონკრეტულად კი კახელი გლეხების ურთიერთდამოკიდებულებას, კახეთის სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოსული გლეხების მიერ ჭაჭის გამოხდის პროცესს;
ფესტივალში მონაწილეობენ ქართული ჭაჭის მწარმოებელი კომპანიები;
იმართება დიდი კახური „ზაოდობა“, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია თითოეულ მსურველს.
ჭაჭის გამოხდასთან ერთად იმართება კახური სამზარეულოს კერძების დამზადება;
მთელი დღის მანძილზე ფესტივალის მიმდინარეობას ამშვენებენ კახური ფოლკლორული ჯგუფები ტრადიციული კახური მრავალხმიანი სიმღერებით და კაფიებით.
ფესტივალის მსვლელობისას ჟიურის წევრები ატარებენ ვორქ-შოფებს, რათა ქართულ ნატურალურ პროდუქტს – ყურძნის ბრენდს „ჭაჭა“-ს გაუწიონ მეტი პოპულარიზაცია და მოწვეულ სტუმრებს გააცნონ ამ ნატურალური ქართული პროდუქტის ისტორია, მისი სასარგებლო თვისებები და შეაყვარონ იგი.
ფესტივალის მიმდინარეობისას მუშაობს ჟიური, რომლის წევრები აგემოვნებენ და ცალკ-ცალკე აფასებენ კახეთის სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული გლეხების გამოხდილ ჭაჭას და ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების მიერ გამოხდილ ჭაჭას; გამარჯვებული გლეხები და კომპანიები ჯილდეოვდებიან ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებითა და შესაბამისი სერტიფიკატებით.