23 დეკემბერს, რუსუდან სიხარულიძის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნება

2022 წლის 23 დეკემბერს, ბათუმში სპორტული ტანმოვარჯიშის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის, სპორტულ ტანვარჯიშში მსოფლიო ჩემპიონისა და პრიზიორის, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის, ღირსების ორდენის კავალერის, აჭარის სპორტის დამსახურებული მუშაკის, ქალაქ ბათუმის საპატიო მოქალაქის, ქალაქ ჩიკაგოს საპატიო მოქალაქის, სპორტის რაინდის რუსუდან სიხარულიძის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნება.
რუსუდან სიხარულიძე დაიბადა ბათუმში.
1977 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ფაკულტეტი, 1979-82 წლებში ბათუმის ტანვარჯიშის სპორტული სკოლის დირექტორია. 1991 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად, 1992-1996 წლებში – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად. 1996-2000 წლებში – აჭარის ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი, 1996-2003 წლებში – აჭარის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი; 2004-2007 წლებში – საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტია.
2007-2010 წლებში მოღვაწეობდა ამერიკის შეერთებული შტატებში, ჯორჯიის შტატის სპორტული კლუბის უფროსი მწვრთნელად. 2010-2012 წლებში საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია, ხოლო 2012 წლიდან დღემდე – პირველი ვიცე-პრეზიდენტი.
2000 წელს დააჯილდოვდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური მედლით ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი წვლილისათვის. დასახელებულია მე-20 საუკუნის საქართველოს ათ საუკეთესო ქალ სპორტსმენთა შორის და მე-20 საუკუნის აჭარის საუკეთესო ქალ სპორტსმენად.
რუსუდან სიხარულიძეს დიდი წვლილი მიუძღვის აჭარაში სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში.
Scroll to Top