ლელა და ეთერ თათარაიძეების სახელობის ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალი

14 აპრილს თბილისის საკონცერტო დარბაზის „ივენთ ჰოლში“ ლელა და ეთერ თათარაიძეების შემოქმედებითი საღამო და მათი სახელობის ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალი  გაიმართა.  საღამო ლელა და ეთერ თათარაიძეების  შემოქმედებითი დებიუტის 40 წლისთავს დაემთხვა.

განუზომელია დები თათარაიძეების დამსახურება ქართული კულტურის, ქართული ფოლკლორის წინაშე.

მომღერალმა, კომპოზიტორმა და ლოტბარმა ლელა თათარაიძემ  შემოგვინახა თუშური ჰანგი, თუშური სიმღერა და საკრავიერი მუსიკა მთელ მსოფლიოს გააცნო. ხალხმა შეიყვარა ლელას გარმონითა და ჩონგურით შესრულებული მისივე ავტორობით შექმნილი სიმღერები.

ეთერ თათარაიძემ  ქართულ პოეზიაში დაამკვიდრა თუშური სიტყვა. მან გადაარჩინა უძველესი და უმდიდრესი კილო ქართული ენისა.

ლელა და ეთერ თათარაიძეები დაჯილდოებულნი არიან ღირსების ორდენით, ფოლკლორის ეროვნული პრემიით და სხვა წოდება, ჯილდო თუ პრემიით.

შემოქმედებით საღამოს წარუძღვა ფოლკლორისტი გია ბაღაშვილი. საღამო დაამშვენეს ანსამბლებმა – „ბასიანი“, „კესანე“, „კელაპტარი“, „ურმული“, „ლომისი“, „თაობა“;  მეუფე ზენონმა, ხალხურმა მელექსეებმა; განსაკუთრებულმა  სტუმრებმა თურქეთის რესპუბლიკიდან – „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“ და სხვანი.

საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი.

Scroll to Top