Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the disable-comments domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home/georgi31/domains/georgian-culture.com/public_html/wp-includes/functions.php on line 6114
კიდევ ერთხელ მაქსიმ მრვიცას შესახებ – საქართველოს კულტურის პალატა

კიდევ ერთხელ მაქსიმ მრვიცას შესახებ

მაქსიმ მრვიცას თბილისურ გამოსვლას მყისვე არ გამოვეხმაურე. მით უმეტეს, რომ მისი ბეგრაუნდი 26 ოქტომბრის კონცერტამდე კარგა ხნით ადრე – ჯერ კიდევ 8 ოქტომბერს მიმოვიხილე და ვიფიქრე, იმ პუბლიკაციას ვიკმარებდი. მაგრამ რადგან კონცერტიდან ორი დღის მერეც ემოცია არ გამნელებია, სათქმელს გავაგრძელებ. მით უფრო, რომ ვიცი – მეგავარსკვლავს გულწრფელად აინტერესებს მისი მსმენელების აზრი. ამიტომ ამთავითვე ვიტყვი, რომ თბილისში ჩამოსასვლელად მასთან ის წინასწარი 5-წლიანი მოლაპარაკება ნამდვილად ღირდა. გარდა ამისა, რასაც ქვემოთ აღვნიშნავ, უბილეთოდ დარჩენილთათვისაც ვაპელირებ: კონცერტის დასასრულს დაანონსდა, რომ მრვიცა გაზაფხულზე – სადღაც აპრილ-მაისში კვლავ გეგმავს თბილისში ჩამოსვლას და ბილეთების შესაძენად თადარიგის დაჭერას ყველას წინასწარ ვურჩევ…
… არ ვიცი, როგორც პიროვნება რამდენად არის თავად MAKSIM-ი MAKSIM-ალისტი, მაგრამ გლობალურ ტურნე „MAKSIM THE COLLECTION“-ის გრიფით MAKSIM-ალურად შთამბეჭდავი საღამო რომ შესთავაზა თბილისურ აუდიტორიას, ფაქტია! ეს ნიჭის ნამდვილი ზეიმი და პროფესიონალიზმის დღესასწაული იყო როგორც საშემსრულებლო ტალანტის მხრივ,
ისე სცენაზე ინსტალირებული ანტურაჟითა და სპეცეფექტთა აუდიო-ვიზუალის ტექნიკური შესაძლებლობებით.
ჯერ ერთი, წევრთა რაოდენობით მინიმალური, მაგრამ შესანიშნავი ბენდის ჟღერა იმდენად იყო უზრუნველყოფილი, რომ მსმენელს მთელი საორკესტრო Tutti-ს განცდას უჩენდა. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ სოლისტის გარეშე მხოლოდ ბენდმა ზედიზედ სამი შუშხუნა ნომერი ბრწყინვალედ შეასრულა.
მართლაც გრანდიოზულად პერფორმირებული შოუს მთელი ელექტროსპექტრი სპეცეფექტების თავბრუდამხვევ კასკადს ქმნიდა: პალიტრის ფერთა ჭრელი გამით, აბოლებული ორთქლის დინამიკებიდან სხივური მარაოების ელვარე რხევით, სცენის ზედა-ქვედა პისტოლეტნათურებით, ლაზერით, პროჟექტორებითა და ილუმინაციებით, თვით დარბაზის სივრცისმომცველი ციმციმა აჟურით.
უკანა პლანზე დამონტაჟებული მეგაეკრანით დემონსტრირებული კინოფანტაზია კი მხოლოდ ლაივ ილუსტრირება როდი იყო (სწორედ ამიტომაც ვახსენე „კინო“). ვიდეოპოეტიკის მხატვრული ხარისხი, დიაპაზონი და უკიდეგანო გაქანება კალეიდოსკოპური „მოზაიკით თარგმნიდა“ და კლიპის ტექნიკით ასახავდა მაქსიმის შინაგან განცდებს და ბრავურულ ტემპერამენტს, უნატიფეს ემოციურ ლირიკას, არტისტიზმს, ენერგეტიკას, ვირტუოზულობას, ინდივიდუალიზმს, ქარიზმას თუ სხვა შესაბამის მახასიათებლებს. მსხვილი პლანით და კომბინირებული აქცენტებით ოპტიკურად აღბეჭდავდა არტისტის ხელებისა და თითების მოტორიკით დამუხტულ რიტმულ სტაკატოებსა და გლისანდოებს, ლეგატოებსა თუ აკორდთა კასკადებს, „აცეკვებულ“ თმასა თუ უსიმპათიურესი სახის მიმიკას; კაშკაშა კოლორის დეკორით „ნაქსოვ“ გრაფიკულ-სილუეტურ მონახაზებს და ა.შ. ყოველივე ზემოაღნიშნული კი აუდიტორიის აღფრთოვანებას და ოვაციებს იწვევდა.
ერთი ხანობა ისიც კი ვიფიქრე, რომ რა ბედნიერებაა ადამიანის ნიჭითა და გენიით განპირობებული ტექნიკური პროგრესის მონაპოვართა ადამიანისავე სასარგებლოდ, სასიკეთოდ და სასიამოვნოდ გამოყენება! ანუ პოზიტიურად, ცივილიზებულად ამოქმედება! და არა ბოროტი კოშმარების ან ჯოჯოხეთური ომების მოსაწყობად მოხმარება! ამ კონტექსტში კი თავად ომის ჯოჯოხეთგამოვლილი მაქსიმ მრვიცას მაქსიმალურ სოლიდარობაში ეჭვიც არ მეპარება!!!
და კიდევ: ვიცი, რომ იყო დრო, როცა ბევრს კამათობდნენ კლასიკის ადაპტაციის გამო. იმ კამათში ერთ-ერთი პოლემიკური სტატიის სათაურიც კი მახსოვს. სტატიის, სადაც მავანი ბალტიისპირელი ავტორი ფიგურალურად, მაგრამ კატეგორიულად მოითხოვდა „სკულპტურას სტატუეტად ნუ აქცევთო!!!“ („Не делайте из скульптуры статуэтку!!!“).
თუმცა, ის მწვავედ საკამათო საკითხი მერე თავად დრომ გადაიაზრა და კლასიკის ხელშეუხებლობის თემა დღის წესრიგიდან მოხსნა. მოხსნა, რადგან ექსპერიმენტმა გაამართლა და პოზიტიურმა შედეგებმაც არ დააყოვნეს: ხელოვნების ამა თუ იმ ფორმატში არაერთი მაღალხარისხოვანი შემოქმედებითი მიღწევა დაფიქსირდა. და ამავე კონტექსტში აგრეთვე თვით მრვიცას განუმეორებელ, სპეციფიკურ, ჰიბრიდულ, სტილსა და რეპერტუარსაც მოვიაზრებ.
გარდა ამისა, მაქსიმ მრვიცას არტ-სტილის classic-crossover-caver-კონცეპტში პირადად მე ერთგვარ მისიონერულ მიზანსაც ვხედავ. თუმცა, სანამ აღნიშნულ მისიას გავშიფრავ, ვიტყვი, რომ ამ სუპერსტარის გამოსვლა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში დიდი ანშლაგით შედგა (ზოგადად ანშლაგებით გადაჭედილი უზარმაზარი აუდიტორიები თუ მეგაარენები მრვიცას პლანეტარულ მარშრუტებში ჩვეულებრივი ნორმაა!). მაგრამ ყველაზე მეტად თბილისურ ანშლაგში ახალგაზრდების სიმრავლე მენიშნა.
ფაქტია, ტოტალურად ულმობელმა დრომ დღეს ახალგაზრდობა კლასიკური მემკვიდრეობის მიმართ გულგრილი გახადა. მეტიც, – სრულიად გააცივა! ჰოდა, კულტურის, როგორც ასეთისადმი, ნაკლებ მიდრეკილი Gen z თაობის კლასიკასთან ამ ფორმით ზიარება (ანუ ცეცხლოვან შოუზე კლასიკის მოსასმენად მოზიდვა), სწორედ რომ კულტურულ-საგანმანათლებლო მისიადაც მესახება. ლისტის საფორტეპიანო „ბალადის“ (#11), რიმსკი-კორსაკოვის საოპერო ინტერმედიის (რახმანინოვის საფორტეპიანო ვერსიით), ჩაიკოვსკის
„Щелкунчик“-იდან („მაკნატუნა“) საბალეტო ჰიტის ამგვარი ფეიერვერკული ინტერპრეტირებით შეთავაზება მომავალი თაობების კლასიკისკენ თანდათანობით შემობრუნების და მისი კულტურული დონის ამაღლების სამომავლო ამოცანაც მგონია!
სხვათა შორის, ჩემს წინა ანონსში აქცენტირებული კორსაკოვის ურთულესი შედევრი – „ბზიკის გაფრენა“ („Flight of the bumble Bee“) ვირტუოზმა პიანისტმა ბრენდულ როიალ „Steinway & Sons“-ზე ერთობ ორიგინალურად შეასრულა. ზედიზედ ორგზის დაუკრა: ჯერ სოლო ვერსიით და მყისვე ბენდთან ანსამბლური რეპრიზით.
ზემოაღნიშნული crossover-ების გარდა, საკუთრივ სუფთა კლასიკასთან ერთად სუპერსტარმა კიდევ ჰოლივუდური კინოჰიტების საუნდტრეკ ქავერებიც შეასრულა და თანაც, როგორ!!! საოცარია: ზევირტუოზულ, „საფირმო“ ტექნიკას, რაც, რა თქმა უნდა, უზარმაზარ ნიჭთან ერთად მისი კოლოსალური ძალისხმევის შედეგია, ისეთი სიმსუბუქით დემონსტრირებს,
რომ თითქოს ეს ყოველივე ჩვეულებრივი, ბუნებრივია და არა ქანცგამწყვეტი შრომის შედეგი.
სხვა კიდევ რა ვთქვა? უფრო მეტი იხილეთ ჩემს წინა – 8 ოქტომბრის პუბლიკაციაში.
დასასრულს კი მართლაც მადლობა საქართველოს კულტურის პალატას ამ დიდი სიამოვნებისთვის.
ავტორი: მარინა ბუზუკაშვილი
Scroll to Top