„სტუმრად ნატოსთან“

2023 წლის 28 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით კომპოზიტორის, პოეტის და ავტორ-შემსრულებლის  ნატო გელაშვილის სასცენო მოღვაწეობის 35 წლისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო „სტუმრად ნატოსთან“ გაიმართა.

ნატო გელაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი 1998 წელს. 1991 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას.

ჩაწერილი აქვს ალბომები: “ისევ გიმღერო მინდა” (2000); “ყვავილების დედოფალი”(2000); “ერთი კაცი მიყვარდა”(2001); “გმადლობთ”(2002); “მიყვარხარო ძალიან”(2004); “აყვავდება როცა ნუში”(2006).

მისი ყველა სიმღერა დაწერილია მისსავე ლექსებზე. არის ავტორი ლექსების კრებულისა “ერთი ქალის ისტორია”(2007). „ჩამჭიდეთ ხელი“ (2023).

საიუბილეო საღამოზე სუფევდა სიყვარული და ღრმა ემოცია, რომელიც ნატო გელაშვილის მეგობრებმა და კოლეგებმა იუბილარის სიმღერების შესრულებით შექმნეს. ნატო გელაშვილის მონატრებულ ჰიტებს ქართული ესტრადის მომღერლებთან ერთად დარბაზში მსხდომი დამსწრე საზოგადოებაც ასრულებდა.

საღამოს დასასრულს, საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარე „ვარსკვლავების მოედანზე“ ნატო გელაშვილის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა.

Scroll to Top