რეზო ესაძის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა

2019 წლის 21 თებერვალს  ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ცნობილი კინორეჟისორის, სცენარისტის, მსახიობის, პოეტის და ფიზიკოსის, რეზო ესაძის 85-ე საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ხელოვანის ნამუშევრების გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა.

რეზო ესაძე ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალების პრიზის, კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო კატალოგების საპატიო ორდენის მფლობელი, საქართველოსა და რუსეთის მხატვართა და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრია. მას გადაღებული აქვს 11 ფილმი, შესრულებული აქვს 10 მთავარი და უამრავი ეპიზოდური როლი სხვადასხვა ავტორების ფილმებში.

საიუბილეო ღონისძიებას რეჟისორები, მსახიობები, რეზო ესაძის მეგობრები და პოლიტიკოსები დაესწრნენ, მათ შორის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე.

საიუბილეო საღამოს დასასრულს, კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ რეზო ესაძის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა.

საიუბილეო ღონისძიების სპონსორები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; თბილისის მერია; საქართველოს კულტურის პალატა; აუდიტორული კომპანია RSM საქართველო, კორძაძის საადვოკატო ბიურო; თიბისი ბანკი; საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი; ღვინის კომპანია „შატო-მერე“; კომპანია ISTUDIO.

 

Scroll to Top