2022 წლის 15 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში გამოჩენილი კომპოზიტორის, ჯემალ სეფიაშვილის 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ბენეფისი „აღსარება“ გაიმართა.
საიუბილეო ბენეფისის ორგანიზატორი გახლდათ საქართველოს კულტურის პალატა.
საიუბილეო ბენეფისი „აღსარება“ შედგა, როგორც დიდი თეატრალიზებული სანახაობა.
მაესტრომ მაყურებელს უამბო განვლილი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. თავისი შემოქმედებით მან გაიხსენა საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები.
საღამოზე შესრულდა კომპოზიტორის სიმღერების როგორც ორიგინალური ვერსია, ისე რემეიქის სახით. გარკვეული ადგილი დაეთმო ახალ ქმნილებებს.
საღამოზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა მომღერალი ცისანა სეფიაშვილი, ასევე კვარტეტის მომღერლები: გოგო მესხის, გიორგი ჩიქოვანის, ბექა ცხომელიძის და ქეთი კვიცარიძის შემადგენლობით, მოცეკვავე-მსახიობები.
საღამოს სასცენო დეკორაცია გადაწყვეტილი იყო თანამედროვე ვიზუალური დეტალებით, სადადგმო ნაწილში წამოწეული იყო თბილისური ყოფისთვის დამახასიათებელი ჩანახატები. დამდგმელი რეჟისორი თინათინ კორძაძე, მხატვარი – თამარ ფოცხიშვილი, ქორეოგრაფები – ნონა ჯანდაგიშვილი და თეონა კოჭლამაზიშვილი. საღამოს ნიკოლოზ წულუკიძე და ჯემალ სეფიაშვილი უძღვებოდნენ.
საღამოს დასასრულს კომპოზიტორს, ავტორ-შემსრულებელს ჯემალ სეფიაშვილს გადაეცა საქართველოს თეატრალური საზოგადოების მიერ დაწესებული – რეზო ლაღიძის სახელობის ჯილდო.
ჯემალ სეფიაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში. მაესტოო მუშაობდა საქტელერადიოს კორესპონდენტად, იყო ტელე-რადიო გადაცემების ავტორი და წამყვანი; განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა გადაცემა „შეხვედრები მიკროფონთან“ (1972-1986); 1979 წელს გამოვიდა მისი სიმღერების ორი ალბომი მორის ფოცხიშვილის ლექსებზე (ანსამბლ ,,ორიონის“ შესრულებით). 1986-1987წწ.- მუშაობდა მხატვრული აღზრდის სახლის ხელმძღვანელად.
კომპოზიტორს ეკუთვნის ცნობილი სიმღერა ,,ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები” (მ. ფოცხიშვილის ლექსი), რომელიც 1989 წლის 9 აპრილს საქართველოში განვითარებულ ტრაგედიას მიუძღვნა.
ჯემალ სეფიაშვილი პრემიების ჩამონათვალშია: აკაკი წერეთლის სახელობის პრემია, საქართველოს სახელმწიფო პრემია. მიღებული აქვს ღირსების ორდენი. მიანიჭეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
მხარდამჭერნი – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო,
ქალაქ თბილისის მერია.