მაქსიმ მრვიცას საავტორო შოუ თბილისში

რამდენადაც ახალგაზრდობა თავისთავად ყველაზე დიდი უპირატესობაა ცხოვრებაში, თავდაპირველად სწორედ თინეიჯერებს ვეტყვი: ბეჭდები, საათი, სამაჯურები, ტყავის სამკლაურები, საყურე, ტატუირებული მაჯები, უსახელო მაისურები, ზოგ ინტერნეტკადრში თმაზე ქერა კოლორი. მოკლედ, იმის თქმა მინდა,
რომ იმიჯით და ვიზუალით ის სრულად ჯდება თინეიჯერთა ტრენდში – სოლისტის კლასიკურად აკადემიური საკონცერტო დიზაინის ნაცვლად, როკვარსკვლავის მკვეთრი სტილით!!! არადა, როცა მე საფორტეპიანო არტს ვშტუდირებდი, თუნდაც მხოლოდ ბეჭდით კლავიატურას
არ მაკარებდნენ!
ქალბატონების საყურადღებოდ აღვნიშნავ, რომ ძალიან სიმპათიური, მაღალი, ტანადი სტუმარი ჩამოდის – ხიბლით, შარმით, ქარიზმით!!!
პროფესიონალებს კი მინდა ვაუწყო, რომ… თუმცა, პროფესიონალებთან ხორვატ პიანისტ მაქსიმ მრვიცას (Maksim Mrvica) წარდგენა არ სჭირდება – მას ყველა იცნობს. იცნობენ როგორც საქვეყნოდ განთქმულ მეგავარსკვლავს!!!
პირადად მე საშემსრულებლო ხელოვნების არტისტებს, თუ ორიგინალში მოსმენის შანსი არ მქონია, fm Classic-ზე ვტესტავ – ვენდობი ამ პლატფორმას. თუმცა, მრვიცა უხვად არის წარმოდგენილი ისეთ უმსხვილეს რეიტინგულ ლეიბლებზე, თუნდაც, იგივე EMI, Sony, Universal, You Tube, Apple, Deeres Music, Spotify, Amazonik, Kollibre და მისთანანი რომ გახლავთ.
მოკლედ, 26 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კულტურის პალატის მოწვევით გლობალური ტურნეს (MАКSIM – COLLECTION) ეგიდით გასაოცარ საკონცერტო შოუს კლავიშის მეფე მოგიწყობთ. უახლოეს მომავალში ამავე ტურნეს ფარგლებში მრვიცა 30 ოქტომბერს ტოკიოში, 2 ნოემბერს კი ჰონგ კონგში გამოვა.
საერთაშორისოდ ესოდენ აქტუალიზებულ პოლიტიკურ კონტექსტში კი იმასაც ამთავითვე მოგახსენებთ, რომ მრვიცა
ნამდვილი – ცხელი ომის კოშმარგამოვლილია. ბალკანეთის დაბომბვებისას განსაკუთრებული ინტენსივობით მისი მშობლიური ხორვატული ქალაქი გამოირჩეოდა.
მთელი 4 წელი დღეში ათასობით სარაკეტო ჭურვს, ყუმბარებს, სნაიპერთა ტყვიებს და სხვა აუტანელ პირობებს 15 წლის ყმაწვილი ოჯახთან ერთად ბეტონმოსხმულ ბნელ სარდაფში განრთხმული აფარებდა თავს. ხორვატ ვუნდერკინდს მუსიკალური სკოლის სარდაფში პედაგოგი მარია სესკო ამეცადინებდა და მრვიცასაც სწორედ ის გაკვეთილები ასულდგმულებდა. როცა, ხანგრძლივი ომის მიუხედავად, 18 წლის მრვიცა ზაგრების ფესტივალზე წარსდგა და თავისი გამორჩეული ტალანტითა და ქარიზმით პუბლიკა უმალ დაიპყრო, ჟიური გაოგნდა და ვერაფრით იჯერებდა, რომ ის სიბენიკიდან იყო. ანუ იქედან, სადაც ომის ქარცეცხლი და ჯოჯოხეთი მძვინვარებდა. პირადად მე იმ ომის ბეგრაუნდით მრვიცა რომან პოლანსკის ჰოლივუდური ოსკაროსანი შედევრის – “პიანისტის” გმირის – ვლადისლავ შპილმანის ერთგვარ “რეინკარნაციად” მესახება, რომლის როლსაც ბრწყინვალედ ასრულებს ედრიან ბროუდი.
შემდეგ იყო ზაგრების მუსიკალური ინსტიტუტი და ვლადიმირ კრპანას 5-წლიანი კურსი. მერე ბუდაპეშტში ფერენც ლისტის სახელობის კონსერვატორია. კიდევ მერე მასტერკლასები პარიზში, იგორ ლაზკოს კლასში. ამის მერე კი დაიწყო პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსების ლაურეატობა (მათ შორის, გრანპრი პარიზში, ნიკოლაი რუბინშტეინის სახელობის ფორუმში). სწორედ მაშინ აიღო იღბლიანი სტარტი საავტორო ალბომების გამოცემებმაც, რაც დღემდე არნახული ტირაჟით იყიდება.
იმპრესარიო მელ ბუშთან მაქსიმ მრვიცას რეკომენდაცია გაუწია ხორვატმა ტონკი ხალდიკმა. გაფორმდა კონტრაქტი და მუსიკოსის უზარმაზარი პოტენციალისა და მომხიბვლელობის გათვალისწინებით გაიხსნა დიდი პერსპექტივები. ბუშმა პიანისტი ახალ ჟღერადობასა და შერეულ სტილებზე დააორიენტირა. სწორედ კლასიკის და თანამედროვე რიტმების შერწყმამ, ნეოკლასიკამ განაპირობა მაქსიმ მრვიცას საყოველთაოდ აღიარებული კროსოვერი ანუ შერეული სტილი (Classical crossover pianist).
საგულისხმოა, რომ ხორვატიას დღესდღეობით ორი მეგა მუსიკოსი ჰყავს: ჩელისტი სტეპან ჰაუსერი და პიანისტი მაქსიმ მრვიცა. ორივე საქვეყნოდ ცნობილი და გამორჩეული ინდივიდუალობის არტისტია. ორივე ძალიან კარგ მუსიკას უკრავს და საგულისხმოა, რომ ერთიდაიმავე ცნობილი ოპუსების შესაბამის ვერსიებსაც კი ასრულებენ – თუნდაც, ცნობილი ჰოლივუდური კინოფილმების გაჰიტებულ საუნდტრეკებს (“Game of Thrones”, “Mission impossible”, “Nostradamus”, “Pirates of Caribbean”, “Godfather”, “The Phantom of the Opera” და სხვ. სწორედ ამიტომაც გეგმავს მრვიცა ალბომ “Movies” ჩაწერას). თუმცა, თუ ინტერნეტ არქივით განვსჯით, ჰაუსერისგან განსხვავებით, მრვიცას რეპერტუარი ეროვნულ – ხორვატულ მუსიკასაც მოიცავს. მის საგასტროლო მენიუში ხორვატი კომპოზიტორის ტონჩი ჰულჟიჩის (Tonci Huljic) ოპუსები საპატიო ადგილზეა. ერთი მათგანია ვირტუოზულობით გამორჩეული “ხორვატული რაფსოდია” (Croatian Rapsody).
პიანისტის საგასტროლო ტურნეთა გეოგრაფია უვრცელესია: მსოფლიოს უუპრესტიჟულესი სცენები პარიზში, ლონდონში, ტოკიოში, პეკინში, შანხაიში, სინგაპურში, ინდონეზიაში, ტაივანში, მალაიზიაში და სხვ. ის პრესტიჟული კლიენტია ელიტარული აუდიოსტუდიებისთვისაც.
მრვიცას უნივერსალური სოლო პრაქტიკა ხასიათდება ვირტუოზული ტექნიკით (როგორც მჭიდროდ ტემპერირებული წყობის შავ-თეთრ მიმდევრობაში ანუ мелкая техника-ში, ისე კლავიატურის რეგისტრულ დიაპაზონში მსუყედ მოქნეული აკორდებით), ბრავურული თუ ლირიკული განწყობებით. როგორც არტისტი, ის ბრწყინვალედ “შეფუთულია” იქნება ეს სარეკლამო პიარი, ნიუსმენეჯმენტი, ინტერნეტკლიპების მილიონობით ნახვები თუ საკონცერტო შოუს ვიზუალი: პერფორმირებული ელექტრო, ლაზერული და აბოლებული ეფექტები, ქორეოპლასტიკით ილუსტრირება, ვიდეოპროექტორთა უნისონური ტრანსლაცია, გარდერობის თამამი სტილი, საორკესტრო თანხლება, პარტნიორული მუზიცირება და ა.შ.
მოკლედ, აუცილებლად წადით და მოუსმინეთ მრვიცას: კლასიკა, პოპი, საუნდტრეკები, ელექტრონიკა. ეს ყოველივე ნებისმიერ მსმენელს, ფიგურალურად რომ ვთქვა, – რომეოდან ფაუსტის ასაკამდე – დიდ სიამოვნებას მოგვრის!
P.S. და კიდევ: მაქსიმ მრვიცას რეპერტუარში მინიატურა “ბზიკის გაფრენაც” (“Полёт шмеля”) არის. ამ კომპოზიციაზე კი საგანგებოდ უნდა
ვთქვა: ეს გახლავთ ინტერმედია რიმსკი-კორსაკოვის 1900 წელს შექმნილი ოპერიდან “ზღაპარი მეფე სალთანზე”. კორსაკოვის შედევრი დღემდე სხვადასხვა პროფილისა და ფორმატის მუსიკოსთა მძაფრი ინტერესის ოპუსია. გარდა ამისა, ეს ფრაგმენტი საუნდტრეკად გვხვდება სხვადასხვა მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებში, სერიალებში, ანიმაციებში, ტელეშოუებში, სარეკლამო რგოლებში, კომპიუტერულ გეიმებში, სხვადასხვა საკონცერტო ფორმატებში (ადრიანო ჩელენტანოსთანაც კი). კორსაკოვის ოპერის ეს უსათაურო საორკესტრო ფრაგმენტი მას შემდეგ დასათაურდა, რაც 113-ტაქტიანი და 1.14-წუთიანი კომპოზიცია სხვადასხვა პროფილის და მიმართულების სოლო თუ ანსამბლურ შემსრულებელთა ორბიტაში მოექცა. ტექნიკურად ურთულესად შესასრულებელი მინიატურის სავიოლინო ვერსია უსწრაფესი ტემპის გამო გინესის რეკორდების წიგნშიც კია შესული (ინგლისელი მევიოლინე ოლივერ ლუისი – 1.03 წთ). სწორედ სისწრაფის ფაქტორმა გამოიწვია შემსრულებელთა შორის დიდი კონკურენციაც. ეს ოპუსი საფორტეპიანო ვერსიად პირველად სერგეი რახმანინოვმა გადაამუშავა და მრვიცა სწორედ ამ ვერსიას (Rachmaninoff – Rimsky-Korsakoff. “Flight of the bumble Bee”) უკრავს (1.24 წთ). საინტერესო ვირტუოზული საფორტეპიანო ვარიანტი შექმნა აგრეთვე უნგრულ-ფრანგული წარმოშობის დიორდ ციფრამაც. ცნობისათვის ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ გინესის რეკორდების რეესტრში 2002 წელს რუსეთიდან ვიქტორ ზინჩუკმა (0.55 წთ), მერე ბრიტანელმა გიტარისტმა (0.40 წთ), ბოლო რეკორდი კი 2012-ში ამერიკელმა დენიელ ხიმბაუხმა (0.10 წთ) მოხსნა.
ავტორი: მარინა ბუზუკაშვილი
ბილეთები იხ. ბმულზე: https://biletebi.ge/maksim/maqsim-mrvitsa-maksim?
Scroll to Top